ქართული ოცნების ყოფილი წევრი, პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის დატოვება "იმის შენარჩუნების მცდელობაა, რის მისაღწევადაც ის ყველაფერზე წავიდა".
ბესელიამ ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში თქვა, რომ კობახიძით, კახა კალაძით და ქართული ოცნების ამჟამინდელი ლიდერებით ივანიშვილმა "შეიქმნა გარანტია, რომ მშვიდად შეიძლება გააგრძელოს გავლენებით სარგებლობა".
"ამ ადამიანების ხელში ის ვერ ხედავს პრობლემას, რასაც დაინახავდა ჩემი ან რამდენიმე სხვა ადამიანის შემთხვევაში, რომელიც მასთან მუდმივად კამათობდა და ზოგჯერ ჩხუბობდა კიდეც". - თქვა ბესელიამ.
მისი თქმით, ივანიშვილისთვის მთავარი პირადი გავლენის შენარჩუნება და იმ რისკების გამორიცხვაა, რომელიც ამას საფრთხეს შეუქმნის, ქართული ოცნების ახლანდელი ლიდერების ლექსიკონში კი არ არსებობს სიტყვა "არა".
"როდესაც ის ბრუნდებოდა პოლიტიკაში, 2016 წელს, მაშინ ახალი მოგებული გვქონდა საპარლამენტო არჩევნები მეორე ვადით და ხელისუფლების დაკარგვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა. სანამ გამოაცხადებდა პოლიტიკაში დაბრუნებაზე, შეხვედრა მთხოვა და მითხრა, რომ ამას აპირებდა, ვინაიდან ხელისუფლება შეიძლება დაიკარგოს. ამის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა. ეს იყო მისი უშუალო გავლენის დაკარგვის საფრთხე. იმიტომ, რომ მაშინ კვირიკაშვილი იყო, რომელსაც შეეძლო, არ ეპასუხა ტელეფონისთვის, რაღაცებზე ეთქვა არა და წინააღმდეგობა გაეწია. ახლა კობახიძის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა "არა", "არ შეიძლება". არც კალაძის ლექსიკონში არსებობს".
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 11 იანვარს ღია წერილი გაავრცელა და განაცხადა, რომ ტოვებს როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს, ისე მთლიანად პარტიას. პარტიის თავმჯდომარის პოსტს კი ირაკლი კობახიძე დაიკავებს - ქართული ოცნების ყრილობა მას 16 იანვარს დაამტკიცებს.
10 იანვარს ფორმულამ ექსკლუზიურად გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების დიდი ნაწილი ფონდი ქართუს ბალანსზე გადაიტანა. მართალია, ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს მისი მხრიდან ქველმოქმედებაა, თუმცა, ფონდი ქართუს მფლობელიც თავად ბიძინა ივანიშვილია.